კახეთის მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ დავით სონღულაშვილთან და კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალურ დირექტორთან, მურათ ავჯისთან ერთად საგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკულია კახეთის მაგისტრალის 35 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც თბილისიდან საგარეჯომდე ჩადის. ამ მონაკვეთის დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება გადაადგილების დრო და მგზავრობა მეტად კომფორტული გახდება. პროექტით გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რაც 110 კმ საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს, ბუნებრივია, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მთლიანობაში, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 10 წლიანი განვითარების სტრატეგიის და „ხედვა 2030“-ის გათვალისწინებით, დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტირებაა გათვალისწინებული კახეთის მაგისტრალისა და შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო გზების განვითარებაში“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
„თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია, არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა - ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს მგზავრობის დროს, სწორედ ამიტომ, ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გზა, რომელიც კახეთის, როგორც ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინტერესის მქონე რეგიონისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა მურათ ავჯიმ.
საგარეჯოს შემოვლითი გზის პროექტის ბიუჯეტი 149.9 მილიონი ლარია. მშენებლობის პროცესი 24 თვეში დასრულდება.