„მაქრო ქონსთრაქშენისა“ და „Gocay Insaat Taahhut ve Ticart“-ისკონსორციუმი საგარეჯოს შემოვლითი გზის 7.66 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ახალ, 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალს ააშენებს. ხელშეკრულებას ხელი "მაქრო ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა მურათ ავჯიმ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სალომე წურწუმიამ მოაწერეს.
საგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობა თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო გზის 27840კმ-დან 35500 კმ-მდე მანძილს მოიცავს. პროექტის ფარგლებში იგეგმება 7660 მეტრის 4 ზოლიანი მაგისტრალის და 20 667 მეტრი მეორეხარისხოვანი გზის მშენებლობა მისთვის აუცილებელი სრული ინფრასტრუქტურით, იქნება ეს ხიდები, პანდუსები თუ ადგილობრივი მნიშვნელობის გრუნტისა და ასფალტის გზები.
„ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გზა, რომელიც კახეთის, როგორც ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინტერესის მქონე რეგიონისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს გადაადგილების დროს. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას და გაზრდის საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობას. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ, რომ ამ რეგიონის განვითარებაში წვლილს ჩვენ და ჩვენი მეგობარი კომპანიაც შევიტანთ“ - განაცხადა „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალურმა დირექტორმა, მურათ ავჯიმ.
საგარეჯოსშემოვლითიგზის პროექტის ბიუჯეტი 149.9 მილიონი ლარია. მშენებლობის პროცესი 24 თვეში დასრულდება.